სამეცნიერო ეთიკა
„სჯანი“ არის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში, რომელიც გამოიცემა ბეჭდურ და ელექტრონულ ფორმატში.
ჟურნალში იბეჭდება სტატიები ქართულ, ინგლისურ, ფრანგულ და რუსულ ენებზე. მასალები შეირჩევა ანონიმური რეცენზირების წესით. სტატიის გამოქვეყნება უფასოა.
ჟურნალის რედაქტორი და საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან დიდი გამოცდილების მქონე, დარგის წამყვანი ექსპერტები. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია სრულ პასუხისმგებლობას იღებს სამართლიანი, მიუკერძოებელი რეცენზირების პროცესზე.
ჟურნალის მიზნები: ჟურნალის მთავარი ამოცანაა ცნობიერების ამაღლება თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ, ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა, ადგილობრივი მეცნიერების საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაცია. ჟურნალი „სჯანი“ ხელმისაწვდომია სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში (ERIH PLUS, EBSCO და ა.შ.) და ჰყავს ფართო და მრავალფეროვანი მკითხველი.
„სჯანი“ არის ბეჭდური და ელექტრონული ფორმატის გამოცემა. ჟურნალის ყველა სტატია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.sjani.ge. ჟურნალის არქივი სრულად და უფასოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მკითხველს უფლება აქვს წაიკითხოს, გადმოწეროს, გააზიაროს სტატიების სრული ტექსტები, გამომცემლის ან ავტორის დამატებითი ნებართვის გარეშე.
რედაქტორისა და რედაქციის პასუხისმგებლობა: რედაქტორი ვალდებულია შექმნას სამართლიანი გარემო, დაიცვას ანონიმური რეცენზირების ყველა წესი და შეინარჩუნოს რეცენზირების უმაღლესი სტანდარტები. რედაქტორი და სარედაქციო საბჭო პასუხისმგებელნი არიან რეცენზენტის კვალიფიკაციასა და სამართლიანობაზე. სტატია ფასდება ავტორის რასის, სქესის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური კუთვნილებისა და მოქალაქეობის გათვალისწინების გარეშე.
რედაქტორი და რედაქციის წევრები უზრუნველყოფენ, რომ: ა)არავინ გამოიყენებს ან გაავრცელებს დასაბეჭდი სტატიის შინაარსს, მასალას; ბ) დაცული იქნება კონფიდენციალობა (ავტორი და რეცენზენტი) და აკადემიური სამართლიანობა. ანონიმური რეცენზირების დაწყებამდე რედაქტორს უნდა ჰქონდეს ხელმოწერილი ავტორის დეკლარაცია და რეცენზენტის დეკლარაცია.
რეცენზენტის პასუხისმგებლობა: მაღალი აკადემიური სტანდარტების შენარჩუნებისათვის გადამწყვეტ როლს ასრულებს შეფასების პროცესი. რეცენზენტი ვალდებულია, პატივი სცეს ჟურნალის ეთიკას – კონფიდენციალობას, ობიექტურობას. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, რეცენზენტმა უნდა აცნობოს რედაქტორსა და სარედაქციო კოლეგიას. რეცენზენტი სტატიას აფასებს წინასწარ შემუშავებული „შეფასების კრიტერიუმების“ გათვალისწინებით, ანიჭებს მას შესაბამის ქულებს, ურთავს კომენტარს და დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს.
ავტორის პასუხისმგებლობა: ჟურნალი „სჯანის“ პირობებსა და სტანდარტებზე თანხმობას ავტორი ადასტურებს ავტორის დეკლარაციის შევსებითა და ხელმოწერით.
სტატიის ბეჭდვისა და რეცენზირების პროცესი:
1. ჟურნალი იბარებს სტატიას;
2. რედაქტორი ამოწმებს სტატიის შესაბამისობას ჟურნალის მიზნებთან და ამოცანებთან;
3. ტექნიკური რედაქტორი ამოწმებს, რამდენად დაცულია ჟურნალ „სჯანის“ სტატიის წარმოდგენის წესი და ციტირების სტილი. რედაქტორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პლაგიატის ამოცნობის პროგრამა. პლაგიატის ან აკადემიური თაღლითობის ნებისმიერი ფორმის აღმოჩენის შემთხვევაში სტატია უბრუნდება ავტორს.
4. რედაქტორი ირჩევს ორ რეცენზენტს და უგზავნის მათ ნაშრომს.
5.რეცენზენტები ეცნობიან ანონიმურ ნაშრომს, ავსებენ ფორმულარს და აფასებენ წერილს (უარყოფა, გადასინჯვა ან მიღება).
6. რეცენზენტების შეფასების საფუძველზე, რედაქცია აცნობებს ავტორს სტატიის დასაბეჭდად მიღების ან უარყოფის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი დადებით შეფასებას აძლევს სტატიას და, ამავე დროს, უთითებს გარკვეულ ხარვეზებზე, მათი გამოსწორების რეკომენდაციით, ტექნიკური რედაქტორი მიმართავს ავტორს, რათა შეიტანოს საჭირო ცვლილებები და სტატია ხელახლა წარადგინოს.
7. ავტორი გაითვალისწინებს რეცენზენტთა კომენტარებს და ხელახლა წარადგენს ნაშრომს.
8. მიღების შემთხვევაში, სტატია გამოქვეყნდება.
ავტორს უფლება აქვს, მოითხოვოს რეცენზენტთა დასკვნა.
თუ ავტორი წარადგენს სათანადო არგუმენტებს, რომ სტატია არ არის ობიექტურად შეფასებული, მას შეუძლია 10 დღის ვადაში მიმართოს სარედაქციო კოლეგიას გასაჩივრების თხოვნით. გასაჩივრების შემთხვევაში, რედაქტორი და სარედაქციო საბჭო ვალდებულნი არიან მოიწვიონ ახალი რეცენზენტები, რომლებიც შეაფასებენ როგორც სტატიას, ასევე რეცენზენტის დასკვნას.