„სჯანი“ არის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი ლიტერატურის თეორიასა და შედარებით ლიტერატურათმცოდნეობაში, რომელიც გამოიცემა ბეჭდურ და ელექტრონულ  ფორმატში.

ჟურნალში იბეჭდება სტატიები  ქართულ  და ინგლისურ ენებზე. მასალები შეირჩევა ანონიმური რეცენზირების წესით.  სტატიის გამოქვეყნება ფასიანია, 50 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მკითხველებისთვის ჟურნალი სრულიად ხელმისაწვდომია.

ჟურნალის რედაქტორი და საერთაშორისო სარედაქციო კოლეგიის წევრები არიან დიდი გამოცდილების მქონე დარგის წამყვანი ექსპერტები. ჟურნალის სარედაქციო კოლეგია  სრულ პასუხისმგებლობას იღებს სამართლიან, მიუკერძოებელ რეცენზირების პროცესზე.

სტატია, რომელშიც აღმოჩნდება პლაგიატი ან გამოყენებული იქნება მასალა საჭირო ნებართვის გარეშე, არ გამოქვეყნდება. ასევე, ვიტოვებთ უფლებას, მივმართოთ შესაბამის სამართლებრივ ზომებს.

ჟურნალის მიზნები: ჟურნალის მთავარი ამოცანაა ცნობიერების ამაღლება თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის აქტუალური საკითხებისა და გამოწვევების შესახებ, ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა, ადგილობრივი მეცნიერების საერთაშორისო აკადემიურ სივრცესთან ინტეგრაცია. ჟურნალი „სჯანი“ გთავაზობთ მაღალი ხარისხის რეცენზირების სისტემას, ფართო და მრავალფეროვან აუდიტორიას და ხელმისაწვდომობას სხვადასხვა აკადემიურ ბაზაში.

„სჯანი“ არის ბეჭდური და ელექტრონული  ფორმატის გამოცემა.  ჟურნალის ყველა სტატია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: www.sjani.ge. ჟურნალის არქივი სრულად და უფასოდ ხელმისაწვდომია ნებისმიერი მომხმარებლისთვის. მკითხველს უფლება აქვს წაიკითხოს, გადმოწეროს, გააზიაროს სტატიების სრული ტექსტები,  გამომცემლის ან ავტორის დამატებითი ნებართვის გარეშე.

ჟურნალის მასალების ლიცენზირებასა და რეპოზიტორულ არქივირებას ახორციელებს გამომცემელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), ხოლო ჟურნალის მასალები ინახება გამომცემლის არქივში. ჟურნალში ხელნაწერის წარდგენით ავტორი ჟურნალს ანიჭებს უფლებას და ლიცენზიას, გამოაქვეყნოს ნაშრომი ჟურნალის ვებგვერდზე და გაავრცელოს იგი იმ არქივებსა და აკადემიურ ბაზებში, სადაც ჟურნალია ინდექსირებული.

ჟურნალის სარედაქციო საბჭო ვალდებულია დაიცვას და უზრუნველყოს ეთიკური ქცევის სტანდარტები - კონფიდენციალურობა, აკადემიური კეთილსინდისიერება და ობიექტურობა - ჟურნალის გამოცემის პროცესის ყველა ეტაპზე. ჟურნალი იღებს მხოლოდ მანამდე გამოუქვეყნებელ ნაშრომებს.

რედაქტორისა და რედაქციის პასუხისმგებლობა რედაქტორი ვალდებულია შექმნას სამართლიანი გარემო, დაიცვას ანონიმური რეცენზირების ყველა წესი და შეინარჩუნოს რეცენზირების უმაღლესი სტანდარტები. რედაქტორი და სარედაქციო საბჭო პასუხისმგებელნი არიან რეცენზენტის კვალიფიკაციასა და სამართლიანობაზე. სტატია ფასდება ავტორის რასის, სქესის, რელიგიური თუ პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური კუთვნილებისა   და მოქალაქეობის გათვალისწინების გარეშე.

რედაქტორი და სარედაქციო კომიტეტის წევრები უზრუნველყოფენ, რომ:  ა)არავინ გამოიყენებს ან გაავრცელებს დასაბეჭდი სტატიის შინაარსს, მასალას; ბ) დაცული იქნება კონფიდენციალურობა (ავტორი და რეცენზენტი) და აკადემიური სამართლიანობა.

რეცენზენტის პასუხისმგებლობა: მაღალი აკადემიური სტანდარტების შენარჩუნებისათვის გადამწყვეტ როლს ასრულებს შეფასების პროცესი. რეცენზენტი ვალდებულია, პატივი სცეს ჟურნალის ეთიკას – კონფიდენციალურობას, ობიექტურობას. ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, რეცენზენტმა უნდა აცნობოს რედაქტორსა და სარედაქციო კოლეგიას.  რეცენზენტი სტატიას  აფასებს წინასწარ შემუშავებული „შეფასების კრიტერიუმების“ გათვალისწინებით, ანიჭებს მას შესაბამის ქულებს, ურთავს კომენტარს და დასკვნას ხელმოწერით ადასტურებს. იხილეთ ფორმა.

ავტორის პასუხისმგებლობა: 

  • ავტორი ვალდებულია დაიცვას ჟურნალის პირობები და სტანდარტები;
  • ავტორმა უნდა წარადგინოს მხოლოდ საკუთარი ორიგინალური ნაშრომი, რომელიც სხვაგან გამოსაქვეყნებლად არ არის წარდგენილი;
  • ავტორი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში მოიპოვოს ყველა აუცილებელი ნებართვა თავის ნაშრომში გამოყენებული მასალისთვის;
  • ავტორი ვალდებულია ნაშრომი გააფორმოს ჟურნალის ფორმატის შესაბამისად;
  • ავტორი ვალდებულია გაითვალისწინოს რეცენზენტის რეკომენდაცია და ვადების დაცვით წარადგინოს შესწორებული ნაშრომი;
  • პუბლიკაციამდე ავტორმა უნდა მოაწეროს ხელი ავტორის დეკლარაციას, რომელსაც რედაქტორი ინდივიდუალურად უგზავნის.

სტატიის ბეჭდვისა და რეცენზირების პროცესი:

  • ჟურნალი იბარებს  სტატიას;
  • რედაქტორი ამოწმებს სტატიის შესაბამისობას ჟურნალის მიზნებთან და ამოცანებთან;
  • ტექნიკური რედაქტორი ამოწმებს, რამდენად დაცულია ჟურნალ „სჯანის“ სტატიის წარმოდგენის წესი და ციტირების სტილი.
  • რედაქტორი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს პლაგიატის ამოცნობის პროგრამა (Turnitin). პლაგიატის ანაკადემიური არაკეთილსინდისიერების ნებისმიერი ფორმის აღმოჩენის შემთხვევაში სტატია უბრუნდება ავტორს.
  • რედაქტორი ირჩევს ორ რეცენზენტს და უგზავნის მათ ნაშრომს.
  • რეცენზენტები ეცნობიან ანონიმურ ნაშრომს, ავსებენ ფორმულარს და აფასებენ წერილს (უარყოფა, გადასინჯვა ან მიღება).
  • რეცენზენტების შეფასების საფუძველზე,  რედაქცია აცნობებს ავტორს სტატიის დასაბეჭდად მიღების ან უარყოფის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ რეცენზენტი  დადებით შეფასებას აძლევს სტატიას და, ამავე დროს,  უთითებს გარკვეულ ხარვეზებზე, მათი გამოსწორების რეკომენდაციით, ტექნიკური რედაქტორი მიმართავს ავტორს, რათა შეიტანოს საჭირო ცვლილებები და სტატია ხელახლა წარადგინოს.
  • ავტორი გაითვალისწინებს რეცენზენტთა კომენტარებს და ხელახლა წარადგენს ნაშრომს.
  • ავტორი იხდის საფასურს და ხელს აწერს ავტორის დეკლარაციას.

 

ავტორს უფლება აქვს, მოითხოვოს რეცენზენტთა დასკვნა. თუ ავტორი წარადგენს სათანადო არგუმენტებს, რომ სტატია არ არის ობიექტურად შეფასებული, მას  შეუძლია 10 დღის ვადაში  მიმართოს  სარედაქციო კოლეგიას  გასაჩივრების თხოვნით.   გასაჩივრების შემთხვევაში, რედაქტორი და სარედაქციო საბჭო ვალდებულნი არიან მოიწვიონ ახალი რეცენზენტები, რომლებიც შეაფასებენ  როგორც სტატიას, ასევე რეცენზენტის დასკვნას.