
ირმა რატიანი არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე, რედაქტორი და მთარგმნელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ხელმძღვანელი; 2006 წლიდან – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი; 2019 წლიდან – სსიპ-ს “შემოქმედებითი საქართველო” ხელმძღვანელი.
ირმა რატიანის სამეცნიერო ინტერესის ძირითადი სფერო მოიცავს: ლიტერატურის თეორიულ შესწავლას, ზოგად და შედარებით ლიტერატურულ კვლევებს ფართო კულტურულ კონტექსტში, სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრებისა და მიმართულებების, ლიტერატურული სკოლებისა და ფორმირებების ანალიზს საერთაშორისო კულტურულ-ლიტერატურული პროცესების ფარგლებში, თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით, აგრეთვე – საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ლიტერატურული პროცესების გადასინჯვასა და ანალიზს.
2020 წელს “პიტერ ლანგის გამომცემლობამ” გამოაქვეყნა მისი ნაშრომი “ანტიუტოპიური განწყობა, ლიმინალობა და ლიტერატურა”. 2018 წელს, იმავე გამომცემლობაში (“პიტერ ლანგის გამომცემლობა”), დაიბეჭდა მისი მონოგრაფია – “ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი”.
2013 წელს ირმა რატიანს მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის “ბრწყინვალების ორდენი”.
მას მიღებული აქვს არაერთი სამეცნიერო პრემია საქართველოში, მათ შორის: ლიტერატურული პრემია „საგურამო“ (2019) და „გრიგოლ კიკნაძის სამეცნიერო პრემია“, მონოგრაფიისთვის – “ტექსტი და ქრონოტოპი” (2012).
იგი რამდენიმე წიგნის, სახელმძღვანელოსა და 90-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მრავალი საერთაშორისო პროფესიული ორგანიზაციისა და ასოციაციის წევრია.
ირმა რატიანი არის თანაავტორი და მთავარი რედაქტორი საერთაშორისო დონეზე ცნობილი წიგნებისა – “ტოტალიტარიზმი და ლიტერატურული დისკურსი. მე -20 საუკუნის გამოცდილება” და “ლიტერატურა დევნილობაში. ემიგრანტების მწერლობა. მე-20 საუკუნის გამოცდილება”, რომლებიც დაიბეჭდა, შესაბამისად, 2012 და 2016 წლებში, კემბრიჯის სამეცნიერო გამომცემლობაში.
ირმა რატიანი არის ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის “სჯანი” –მთავარი რედაქტორი.