დისიდენტური მწერლობა. მოდელი და წინააღმდეგობანი
Main Article Content
ანოტაცია
დისიდენტური მწერლობა ლიტერატურული ნარატივის სპეციფიკური ფორმაა, რომელიც გასული საუკუნის 60-70-ინ წლებში ჩაისახა საბჭოთა კავშირის, აგრეთვე, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში. გამომდინარე ამ ქვეყნებში არსებული იდეოლოგიური წნეხიდან, რაც ზღუდავდა არა მარტო შემოქმედებით თავისუფლებას, არამედ არღვევდა ადამიანის თავისუფლების ფუნდამენტურ ნორმებს, როგორიცაა სიტყვისა და აზრის, აგრეთვე, რწმენის თავისუფლება, მწერლებმა, შემოქმედებით ვალდებულებებთან ერთად, რიგი სოციალური ვალდებულებებიც იკისრეს, რაც უშუალოდ უკავშირდებოდა ადამიანების უფლებების საერთაშორისო ნორმების დაცვას. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული კონტრიბუცია მიუძღვით: სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში – ვაცლავ ჰაველს, მილან კუნდერას, ვიტოლდ გომბროვიჩს, ჩესლავ მილოშს, მილოვან ჯილასს, რადოვან ზოგოვიჩს, გიორგი მარკოვს, პაულ გომას, და სხვ. საბჭოთა კავშირის ფარგლებში – ალექსანდრ სოლჟენიცინს, იული დანიელს, ანდრეი სინიავსკის, ვარლამ შალამოვს, ვლადიმირ ბუკოვსკის (რუსეთის ფედერაცია), ტომას ვანცლოვას, ბალის გაიჟაუსკასს, კნუტ სკუენიეკსს, მარტ ნიკლუსს, ენნ ტარტოს (ბლატიისპირა ქვეყნები), პეტრე გრუზინსკის, მერაბ კოსტავას, ზვიად გამსახურდიას, იგორ მურადიანს, ანარ რზაევს (კავკასიის რეგიონი), და სხვ.
მიუხედავად იმისა, რომ დისიდენტური მწერლობის ფორმირება კომუნისტური იდეოლოგიის არსებობის გარკვეულ ეტაპს დაუკავშირდა (კერძოდ, ე.წ. „ცივი ომის“ პერიოდს), მისი შემოფარგვლა მხოლოდ სოციალისტური და საბჭოთა ბანაკის ქვეყნებით დღეს უკვე შეუძლებელია, ვინაიდან, დროთა განმავლობაში, მან თავი იჩინა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, სადაც კი მწერლობა გაბატონებულ იდეოლოგიას დაუპირისპირდა, და ნებისმიერ გეოგრაფიულ ლოკალში თავისი გადამწყვეტი როლი და ფუნქცია შეასრულა.
დისიდენტური მწერლობის კლასიკური განმარტება, შესაძლოა, ასე ჩამოყალიბდეს: დისიდენტური მწერლობა ლიტერატურული ნარატივის სპეციფიკური ფორმაა, რომელიც უპირისპირდება გაბატონებულ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ კლიშეებს, რეპრესიულ რეჟიმებსა და საცენზურო ნორმებს; ის წინააღმდეგობის არაძალადობრივი მოდელია, მიმართული ადამიანის უფლებების დაცვისაკენ. დისიდენტური მწერლობა პოლიტიკური რეპრესიების პირობებში ყალიბდება და მიზნად ისახავს რეჟიმთან დაპირისპირებას და ალტერნატიული სააზროვნო მოდელების ფორმირებას, ყველა შესაძლო სტილისტური ხერხის გამოყენებით. ასევე, განიცდის რა დევნას სახელმწიფო ცენზურის მხრიდან, დისიდენტური მწერლობა იძულებულია გავრცელდეს ე.წ. „იატაკქვეშა წესებით“, როგორიცაა – გავრცელება ხელნაწერის ან ე.წ. „Самиздат“ – ის, ანუ „თვითგამოცემის“ ფორმით.
დისიდენტურ მწერლობას, ცხადია, ჰქონდა თავისი წანამძღვრები საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თუმცა, მისი ფორმირება დაუკავშირდა ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდს და ერთდროულად წარმოადგენდა მოჩვენებითი პოლიტიკური ლიბერალიზაციის, ე.წ. „დათბობის“ („ოტტეპელი“-ს) და მალევე გაბატონებული პოლიტიკური სტაგნაციის, ე.წ. „უძრაობის“ („ზასტოი“-ს) პერიოდების შედეგს.