თამარ ბარბაქაძე

თამარ ბარბაქაძე არის ქართველი ლიტერატურათმცოდნე, ლექსმცოდნე. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ლიტერატუტის თეორიისა და კომპარატივისტიკის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი.

თამარ ბარბაქაძის სამეცნიერო ინსტერესის ძირითადი სფერო მოიცავს ლიტერატურის თეორიულ შესწავლას, ქართული ლექსის ისტორიისა და თეორიის პრობლემების, მყარი სალექსო ფორმების კვლევას. მისი მონოგრაფიებია: „სონეტი საქართველოში“ (2008), „ქართული ლექსმცოდნეობის ისტორია“ (2011), „ლირიკის ჟანრები“ (2011). ჰუმანიტარული ფაკულტეტის მაგისტრანტებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოსცა სახელმძღვანელო „ქართული ლექსმცოდნეობა“ (2014).

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ხელმძღვანელი იყო 2015-2018 წლებში; მისი რედაქტორობით გამოიცა ორი ტომი „ევროპული და აღმოსავლური მყარი სალექსო ფორმები ქართულ პოეზიაში (ნაწილი I – ისტორია, თეორია. ნაწილი II –ქრესტომათია)“.

თამარ ბარბაქაძემ შეისწავლა ქართველ მეფეთა პოეზია, მათი ვერსიფიკაცია. 100-ზე მეტი ნაშრომი მიუძღვნა ქართველი პოეტების ლექსის თავისებურებათა კვლევას. მისი ინტერესის სფეროა როგორც კლასიკური ლექსის, ასევე თანამედროვე პოეტების ვერსიფიკაცია.

თამარ ბარბაქაძე ხელმძღვანელობს ყოველწლიურად შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში სამეცნიერო კონფერენციას, რომლის მასალების კრებული 2008 წლიდან დღემდე იბეჭდება. კრებულ „ლექსმცოდნეობის“ რედაქტორია თამარ ბარბაქაძე. თამარ ბარბაქაძე არის ლიტერატურის თეორიისა და შედარებითი ლიტერატურის საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის „სჯანი“ რედკოლეგიის წევრი.