ირმა რატიანი

Irma Ratianiირმა რატიანი, ქართველი ლიტერატურათმცოდნე, რედაქტორი და მთარგმნელი, არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ამავე უნივერსიტეტის ზოგადი და შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, 2006 წლიდან დღემდე - შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი; შედარებითი ლიტერატურის ქართული  ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი.

ირმა რატიანის სამეცნიერო ინტერესების ძირითადი სფეროა: ლიტერატურის თეორია, ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობითი კვლევები ფართო კულტურულ კონტექსტში; სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრის ანალიზი; ლიტერატურული სკოლების კვლევა საერთაშორისო კულტურულ-ლიტერატურული პროცესების ფარგლებში, თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების გამოყენებით; საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურული პროცესების შესწავლა და გადააზრება.

2018 წელს, გამომცემლობა Peter Lang Publishing-ის მიერ,  გამოქვეყნდა მისი მონოგრაფია Georgian Literature and the World Literary Process. 2020 წელს ამავე გამომცემლობამ დაბეჭდა მისი ახალი წიგნი Anti-utopian Mood, Liminality, and Literature.

2019 წელს ირმა რატიანი დაჯილდოვდა ლიტერატურული პრემიით საგურამო, წიგნისთვის - „ქართული ლიტერატურა და მსოფლიო ლიტერატურული პროცესი“. 2012 წელს - გრიგოლ კიკნაძის სამეცნიერო პრემიით მონოგრაფიისთვის - „ტექსტი და ქრონოტოპი“, 2013 წელს კი მიენიჭა საქართველოს პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი.

ირმა რატიანი  არაერთი წიგნის, სახელმძღვანელოსა და 80-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორია. იგი არის მთავარი რედაქტორი და თანაავტორი წიგნებისა - Totalitarianism and Literary Discourse. 20 th Century Experience, და Literature in Exile. Emigrants Fiction, რომლებიც გამოქვეყნდა,  2012  და 2016 წლებში  Cambridge Scholars Publishing (CSP)-ის მიერ; ხოლო წიგნი - „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა (1921-1941)“, გამოსცა გამომცემლობა „მწიგნობარმა“ 2016 წელს. არის რედაქტორი და თანაავტორი CSP-ის ახლად გამოსული წიგნისა - Cultural Intersections in the Works of Shota Rustaveli and Nizami Ganjavi (2023) და მთავარი რედაქტორი და თანაავტორი წიგნისა -Georgian Literature. Handbook, რომელიც უკვე გადაცემულია დასაბეჭდად გამომცემლობაში  Brill Publishers, ყოველწლიურად, სექტემბერში, მისი ხელმძღვანელობით, ტარდება საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, რომლის ორგანიზატორებიც არიან  შედარებითი ლიტერატურის ქართული ასოციაცია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ შოთა რუსთაველის სახელობის  ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი. ღონისძიება მასპინძლობს უამრავ მეცნიერს მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან.

2022 წელს ირმა რატიანი იყო ICLA საერთაშორისო კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი. 2007 წლიდან საერთაშორისო რეფერირებული ჟურნალ Sjani-ს მთავარი რედაქტორია.

irma.ratiani@tsu.ge