სიძულვილის ენა და ტელემედია საარჩევნო პერიოდში (2020 წლის საპარლამენტო არჩევნები)
Main Article Content
ანოტაცია
სიძულვილის ენა გამოწვევაა 21-ე საუკუნის მსოფლიოსთვის, რადგანაც ის მზარდ და გლობალურ პრობლემას წარმოადგენს.
სოციალურ-პოლიტიკურ დისკუსიებში სიძულვილის ენა გამოიყენება ღიად და საჯაროდ. სიძულვილით გამსჭვალული ნარატივის ტირაჟირებას კი, ნებსით თუ უნებლიედ, მასმედია უწყობს ხელს. თითქმის ყველა მედიასივრცესა და ფორმატში, დღეს, მოჭარბებულად ისმის სიძულვილის შემცველი ფრაზები, დამცირების, დისკრიმინაციის, მუქარის თუ სხვა ფორმატში.
სიძულვილი, ხშირ შემთხვევაში, ძალადობისა და დანაშაულის მაპროვოცირებელი ფაქტორია. ეს დანაშაული კი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და ის შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სივრცეში: ქუჩაში, სკოლაში, ოჯახში, დასაქმების ადგილებზე, მათ შორის - საჯარო სამსახურებში...
სიძულვილის ენის აქღმა განსხვავებულია ქვეყნების ენობრივი და ეროვნული ინდივიდუალური კონტექსტის გათვალისწინებით, ამიტომ მისი ერთმნიშვნელოვანი საერთაშორისო დეფინიცია არ არსებობს.
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლას ართულებს ის, რომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული გამოხატვის თავისუფლებასთან. ხშირად სადავო ხდება, გამონათქვამი გამოხატვის თავისუფლების საზღვრებში რჩება თუ მის ფარგლებს სცდება.
გამოხატვის თავისუფლება ყველა იმ მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტით არის აღიარებული, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება.
სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება მოიცავს კრიტიკული მოსაზრებების გამოხატვის უფლებასაც, რომელიც, შესაძლოა, იყოს შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი ან სადავო. სიძულვილის ენა პრობლემაა დღეს ნებისმიერი ქვეყნისთვის და ცხადია, მათ შორისაა
საქართველოც.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაული საფრთხეს უქმნის დემოკრატიული საზოგადოებისა და კანონის უზენაესობის ძირითად საფუძველს, რამდენადაც „თავს ესხმის” ყველა ადამიანის ღირსებისა და თანასწორობის უფლების ფუნდამენტურ პრინციპს, რომელიც ჩაწერილია გაეროს ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის პირველ მუხლში.
საქართველო საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს ძალადობის სხვადასხვა სახეობას. არსებობს „ძალადობის პრევენციის ეროვნული სტრატეგია“, რაც სახელმწიფოს მზაობის გამოხატულებაა - უპასუხოს გამოწვევებს, რომლებიც დღევანდელ საზოგადოებაში არსებობს და მოახდინოს ძალადობის პრევენცია სხვადასხვა საზოგადოებრივი ინსტიტუტის მონაწილეობით.
სტრატეგიამ მოიცვა ძალადობის პრევენციის აქტუალური მიმართულებები: ოჯახში, სკოლაში და ქუჩაში ძალადობის პრევენცია შესაბამისი მექანიზმებით. ამავე დოკუმენტში განსაზღვრულია სახელმწიფო სტრუქტურების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და თვით საზოგადოების როლი ძალადობის პრევენციაში, თუმცა სპეციალისტებს არაფერი უთქვამთ ძალადობის თავისებურებებზე პოლიტიკურ სადისკუსიო სივრცეებში...
ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია კვლევების გაგრძელება სწორედ ამ მიმართულებით - ძალადობა პოლიტიკურ დისკუსიებში, განსაკუთრებით კი - საარჩევნო კამპანიების განმავლობაში. ჩემი ინტერესიც ამ საკითხებს უკავშირდება.
ვთვლი, რომ საარჩევნო კამპანიების ძალადობის ენის სოციალური გავლენის კვლევის შედეგები, სპეციალისტებს საშუალებას მისცემს შეძლონ პოლიტიკური დისკურსის ძალადობრივი ნარატივის პრევენცია, რაც გარემოს - კიდევ უფრო უსაფრთხოს, საზოგადოებას კი
გაცილებით დემოკრატიულსა და ჰუმანურს გახდის.